რევაზ კიკნაძე (დ. 7 იანავრი, 1998) სტუდენტი, მთარგმნელი, დაკავებამდე მუშაობდა "ევოლუშენში".
რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან" დააკავეს და შსს 25 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეზოს და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არ უნახავთ და ყველამ ერთმანეთი სასამართლო პროცესზე გაიცნო. ის დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა, თითქოს პოლიტიკოსების ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდა, რის სანაცვლოდაც იღებდა თანხას. რეზო კიკნაძემ არ აღიარა და შიმშილობით გააპროტესტა. შიმშლობდა დედამისიც და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე უარი რეზომ სწორედ მისი გათვალისწინებით თქვა.
დარღვევები რევაზ კიკნაძის საქმეში:
რევაზ კიკნაძის საქმეში იკვეთება მძიმე პროცედურული და სისტემური დარღვევები. მეტროს თანამშრომელი ქალი და სხვა მოწმეები ადასტურებენ, რომ კიკნაძე 6 დეკემბერს მეტრო "უნივერსიტეტში" დააკავეს, თუმცა სამართალდამცავებმა დაკავება დოკუმენტურად ლისზე გააფორმეს.
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადაეცა ბრალის წარდგენამდე, ხოლო მოგვიანებით მიღებული მასალები დაზიანებულ დისკზე იყო ჩაწერილი.
გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებებმა განზრახ არ ამოიღეს მეტროსა და 112-ის კამერების ჩანაწერები, რის შედეგადაც 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი განადგურდა.
ლისზე და შემდეგ კრიმინალური პოლიციის შენობაში კიკნაძეს არადამიანურად ეპყრობოდნენ — ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხავით, ბოთლზე ან ე.წ. კლიზმაზე დასმით, აიძულებდნენ, დაესახელებინა საპროტესტო მოძრაობის „ორგანიზატორები“ და ცრუ ჩვენება მიეცა.